ო. ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი

ინოვაციური სოციალური იდეები კოვიდ-19-ის საპასუხოდ

განცხადება საპროექტო იდეების მიღებაზე

#COVID-19-ის პანდემიამ ქვეყნისთვის მწვავე სოციო-ეკონომიკური შედეგები მოიტანა და განსაკუთრებით მძიმედ აისახა საზოგადოების რიგ ჯგუფებზე. კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს გააჩნიათ დიდი პოტენციალი დახმარება აღმოუჩინონ მოწყვლად ჯგუფებს პანდემიის შედეგებთან გამკლავებაში. სამოქალაქო საზოგადოებას შეუძლია მოქალაქეებს შესთავაზოს სერვისები, ხელი შეუწყოს ნდობისა და სოლიდარობის განმტკიცებას, თემის ფართო ჩართულობას და ამით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს შედეგების მართვასა და ზიანის შემცირებაში.

ამ მიზნით საზოგადოებრივი ორგანიზაციების იდეების მხარდაჭერისათვის კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC) აცხადებს კონკურსს საგრანტო განაცხადების მიღებაზე პროექტის „ჯანმრთელობის, ზრუნვისა და სოციალური უფლებებისათვის“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება გერმანული ფონდის Bread for the World (BfdW) ფინანსური დახმარებით.

კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC) 1999 წლიდან საქმიანობს. მისი მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყნის სოციო-ეკონომიკური განვითარების პროცესს და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებას. თავისი საქმიანობით CTC უზრუნველყოფს   ადგილობრივი ადამიანური და ორგანიზაციული შესაძლებლობებისა და პოტენციალის განვითარებას. მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ საიტს www.ctc.org.ge.

კონკურსის მიზანი

კონკურსის მიზანია გამოავლინოს და მხარი დაუჭიროს იდეებს, რომლებიც გააუმჯობესებენ და/ან გააფართოვებენ წვდომას სოციალურ სერვისებზე და ინტეგრაციის შესაძლებლობებზე კოვიდ-19-ის კრიზისით დაზარალებული შემდეგი ჯგუფებისათვის: ხანდაზმულები, მოწყვლადი ოჯახების ბავშვები და უმუშევარი ახალგაზრდები.  

უფრო კონკრეტულად, კონკურსი მიზნად ისახავს გამოავლინოს და მხარი დაუჭიროს პრობლემების ინოვაციურ მდგრად გადაწყვეტებს, რომლებიც პასუხობენ განსაზღვრული სამიზნე ჯგუფის აქტუალურ და გადაუდებელ საჭიროებებს და უკეთესობისკენ ცვლიან ბენეფიციართა მდგომარეობას. კონკურსი დაეხმარება დაინტერესებულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს სამიზნე ჯგუფებისათვის შეიმუშაონ ჩარევები, რომლებიც მიმართულია  მათი რეაბილიტაციის, მზაობისა და რისკების შემცირების, აგრეთვე ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისკენ.

სამიზნე ჯგუფი

მიუხედავად იმისა, რომ კოვიდ-19-ით გამოწვეული კრიზისი სხვადასხვა ხარისხით შეეხო საქართველოში მცხოვრებ ყველა ოჯახს თუ ადამიანს, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრმა გამოკვეთა სამი პრიორიტეტული ჯგუფი: ხანდაზმულები, ბავშვები მოწყვლადი ოჯახებიდან და დაუსაქმებელი ახალგაზრდები. პრიორიტეტული ჯგუფების არჩევის პროცესში გავითვალისწინეთ, როგორც ორგანიზაციის პროგრამული ინტერესები, ასევე შემდეგი ფაქტორები: ჯანმრთელობაზე და კეთილდღეობაზე პანდემიით გამოწვეული მძლავრი უარყოფითი ზეგავლენა, სოციალური და ეკონომიკური უფლებების რეალიზების შეზღუდვა, სოციალურ და ჯანდაცვის სერვისებზე არაადეკვატური წვდომა, გამკლავებისა და ადაპტაციის ნაკლები უნარები და შესაძლებლობები, ტექნოლოგიების დაბალი ხელმისაწვდომობა .

ხანდაზმულები: სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის 2017 წლის მონაცემების მიხედვით, საქართველოში ხანდაზმული (65 წლის და ზემოთ) მოსახლეობის მაჩვენებელი იზრდება და 14.3 პროცენტს შეადგენს. ხანდაზმულები კოვიდ-19-ის ერთ-ერთ რისკჯგუფს წარმოადგენს. მტკიცებულებების მიხედვით, ეს ჯგუფი მეტად მოწყვლადია ინფექციის მიმართ, რასაც თან ახლავს სოციალური სტიგმა და ამის ნიადაგზე შესაძლო დისკრიმინაცია. მინიმალური პენსია, შეზღუდული წვდომა ჯანდაცვის ხარისხიან სერვისებსა და თვითმოვლის ნაკლები შესაძლებლობები კიდევ უფრო ზრდის მათ მოწყვლადობას და სიდუხჭირის რისკებს.

ბავშვები მოწყვლადი ოჯახებიდან: კოვიდ-19-ით გამოწვეულმა კრიზისმა ასევე მძიმე გავლენა იქონია საქართველოში მცხოვრებ ბავშვებზე. სკოლების დახურვამ ბევრისთვის შეზღუდა ხარისხიან განათლებაზე წვდომა. რა თქმა უნდა, ბავშვებზე ასევე ნეგატიურად აისახება კრიზისით გამოწვეული ოჯახების გაზრდილი ემოციური, ფინანსური და ფსიქოლოგიური ტვირთი. განსაკუთრებით მძიმე გავლენას განიცდიან რთული სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის ოჯახებში მცხოვრები ბავშვები. ასეთი ოჯახების საკმა

ნაწილი ფინანსურად ვერ ახერხებს ტექნოლოგიებთან წვდომის უზრუნველყოფას და ბავშვების სასწავლო პროცესში სათანადო ჩართვას. უფრო მეტიც, ბევრი ოჯახი უკანასკნელ თანხას ხარჯავს იმისთვის, რომ მათმა შვილებმა სწავლა შეძლონ. ზოგიერთი მონაცემის მიხედვით, საგაკვეთილო პროცესის მიღმა მოსწავლეების 10%-დან 15%-მდეა დარჩენილი. ამ სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს ის ფაქტი, რომ სკოლების გაღების

შემთხვევაში, დიდი ალბათობით  სკოლების ნაწილს გაუჭირდება შესაბამისი ფორმით დააკმაყოფილოს ჰიგიენურ-სანიტარული და სხვა სტანდარტები, რაც ერთი მხრივ, ზრდის სკოლების ხელახლა დახურვის და მეორე მხრივ, ბავშვების ჯანმრთელობის რისკებს.

დაუსაქმებელი ახალგაზრდები: საქართველოს მოწყვლად ეკონომიკას მოუწევს კრიზისის ნეგატიურ შედეგებთან გამკლავება. პროგნოზების მიხედვით, ქვეყნის მსყიდველობითი უნარი იკლებს და სამომხმარებლო ბაზარიც მცირდება. ტურიზმი, რომელიც ქართული ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი სექტორია, დიდი გამოწვევების წინაშე დადგა, რის გამოც ბევრი სამუშაო ადგილი უქმდება, ასევე სირთულეები ექმნება სერვისის და საცალო ვაჭრობის სექტორსაც, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი დიდი დამსაქმებელია. ამ სექტორში დასაქმებულების დიდი ნაწილი სოციო-ეკონომიკურად არსახარბიელო მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდები არიან. მზარდი უმუშევრობა, კიდევ უფრო დიდი საფრთხის ქვეშ აყენებს მათ შემოსავლებს, ზრდის ფსიქო-სოციალური გამოწვევებისა და გაღატაკების რისკებს.

ჩარევის მიდგომა

კონკურსი პრიორიტეტს მიანიჭებს ისეთი ინოვაციური სოციალური სერვისების განვითარებას, რომლებსაც გააჩნიათ სტაბილურ და მდგრად მოდელად გარდაქმნის და ხანგრძლივვადიანი სოციალური ზეგავლენის პოტენციალი.

იდეები შესაძლოა დაფუძნებული იყოს მეცნიერულ/ტექნოლოგიურ ინოვაციაზე და/ან მოიცავდეს კრეატიულ, მდგრად და ახლებურ მიდგომებს საქმიანობის წარმოების, დაფინანსების მოძიების თუ რესურსების მობილიზაციის კუთხით.

კონკურსი არ მოითხოვს მაღალტექნოლოგიურ გადაწყვეტებს. ციფრული პროდუქტების გარდა (რომლებზეც ხელი არ მიუწვდებათ ყველაზე დაუცველი ადამიანების უმეტესობას), შესაძლებელია შეიქმნას კონტექსტზე მეტად მორგებული, მარტივი და რეალური სერვისები. ამგვარი სერვისების მაგალითებია მოხალისეების ქსელების მობილიზება მოხუცების დასახმარებლად, დაბრუნებული მიგრანტების უნარ-ჩვევების გამოყენება კოვიდ-19-ით გამოწვეულ კრიზისულ სიტუაციაზე რეაგირებისთვის

დაუცველი ჯგუფებისთვის დამატებითი სასწავლო შესაძლებლობების შეთავაზება, საჭიროების მქონე სკოლებისთვის სანიტარული პროგრამების განხორციელება, ახალგაზრდების კარიერული განვითარებისთვის მათი უნარებისა და შესაძლებლობების შეფასება, უმუშევარი ახალგაზრდებისთვის სოციალური და პროფესიული უნარ-ჩვევების გაუმჯობესება და ა.შ.

დაბოლოს, განმცხადებლებმა უნდა შემოგვთავაზონ მიდგომები, რომლებიც ხელს შეუწყობს სერვისის ხარისხისა და დაფარვის არეალის მაქსიმიზაციას, მოთხოვნის შექმნას, ფინანსურ და ფიზიკურ ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული ბარიერების გადალახვას.

დაფინანსების პროცედურა

პროექტების შერჩევა ხდება ღია კონკურსის გზით. კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე განმცხადებლებმა უნდა წარადგინონ პროექტის იდეის კონცეფცია (იხ. დანართი – საპროექტო იდეის წარდგენის ფორმა). ამ ეტაპზე შემოსული საპროექტო იდეები შეფასდება პროგრამის სტრატეგიასთან შესაბამისობაზე, ინოვაციურობასა და რეალისტურობაზე.

პირველადი განხილვის შედეგად გამოვლენილი საუკეთესო იდეები გადავა შემდეგ ეტაპზე, როდესაც აპლიკანტებმა უნდა წარმოადგინონ სრული განაცხადი სტანდარტული ფორმის მიხედვით. ჯამში დაფინანსდება მინიმუმ 3 პროექტი, ხოლო თითოეული პროექტისთვის გამოყოფილი დაფინანსება შეადგენს არა უმეტეს 85.000 ლარისა, რომელშიც უნდა შედიოდეს თანადაფინანსება 5%-დან 7%-მდე მოცულობით. კონკურსში მონაწილეობის უფლება ექნებათ  მხოლოდ სამოქლაქო საზოგადოების რეგისტრირებულ ორგანიზაციებს განურჩევლად ორგანიზაციის ფუნქციონირების ხანგრძლივობისა.

 

 შერჩევის კრიტერიუმები

შემოთავაზებული პროექტი:

  • თანხვედრაში უნდა იყოს სამიზნე ჯგუფის ამჟამინდელ და გრძელვადიან საჭიროებებთან
  • უნდა მოიცავდეს გარკვეულ ინოვაციას, მიგნებას, კრეატიულ გადაწყვეტას
  • ორიენტირებული უნდა იყოს მკაფიო და კონკრეტულ შედეგსა და ზეგავლენაზე, ამავდროულად, უნდა გააჩნდეს მოქმედებათა თანმიმდევრული გეგმა და სამუშაო მოდელი
  • ხელს უნდა უწყობდეს გენდერულ თანასწორობას და ითვალისწინებდეს სამიზნე ჯგუფის საჭიროებებს გენდერულ ჭრილში
  • უნდა შეეძლოს ძირითადი დაინტერესებული მხარეების მხრიდან მხარდაჭერის მოპოვება და მათი ჩართვა
  • უნდა წარმოაჩენდეს, რომ პროექტით გათვალისწინებულ ჩარევას აქვს უფრო ფართო მასშტაბზე დანერგვის პოტენციალი და იმავდროულად, პროექტის გუნდს აქვს საქმიანობის გაგრძელების მოტივაცია, და ხედვა.

განმცხადებელმა უნდა დაადასტუროს, რომ პროექტს ეყოლება კომპეტენტური და შედეგებზე ორიენტირებული მენეჯმენტი ჯანსაღი და სოციალურად ორიენტირებული სამუშაო ეთიკით.

 საპროექტო იდეების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 16 ივლისი, 17:00 სთ.

შევსებული საპროექტი იდეების ფორმები გთხოვთ წარმოადგინოთ შემდეგ მისამართზე: healthandcare@ctc.org.ge

საპროექტო იდეის წარდგენის ფორმასთან დაკავშირებულ საკითხებზე შეგიძლიათ მიმართოთ თიკა დოლიძეს (E-mail: Tika.dolidze@ctc.org.ge) 2020 წლის 30 ივნისამდე.

საკონტაქტო ინფორმაცია

CTC, ოთარ ჩხეიძის ქუჩა 5. 0186, თბილისი, ტელეფონი: +995 32 220 67 75

კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი იტოვებს უფლებას არ გამოარჩიოს და/ან არ დააფინანსოს არც ერთი პროექტი და თავიდან გამოაცხადოს კონკურსი.

 

საკონტაქტო ინფორმაცია