ო. ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი

კვლევითი პროექტი: „ძუძუს კიბოს მკურნალობის შემდგომი ფსიქოემოციური მდგომარეობისა და სტიგმატიზაცია-სოციალიზაციის ასპექტების შეფასება“

კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) პროექტის „ჯანმრთელობის, ზრუნვისა და სოციალური უფლებები“-ს ფარგლებში დაფინანსებული კვლევითი პროექტი: „ძუძუს კიბოს მკურნალობის შემდგომი ფსიქოემოციური მდგომარეობისა და სტიგმატიზაცია-სოციალიზაციის ასპექტების შეფასება

პროექტის განმახორციელებელი: საქართველოს უნივერსიტეტი, „გამარჯვებულ ქალთა კლუბი“

პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე

კონტექსტი და პრობლემა: დაავადებათა კონტროლის ეროვნული  ცენტრის ბაზაზე არსებული კიბოს პოპულაციური რეგისტრის წინასწარი მონაცემებით 2015-2019 წლებში საქართველოში სავარაუდოთ რეგისტრირებული იქნება ძუძუს კიბოს 8,600 ახალი შემთხვევა, ანუ საშუალოდ ყოველწლიურად ამ ლოკალიზაციის კიბოთი ავადდება 1700 ქალი.

გავრცელებულ პრობლემად  რჩება დაგვიანებული მიმართვა ექიმთან და ადექვატური სამედიცინო მომსახურების დაბალი ხელმისააწვდომობა.  სამწუხაროდ დღემდე პაციენტთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია, როგორც მომსახურება წარმოდგენილია ფრაგმენტულად. არ არის მოწოდებული სრულყოფილი სტატისტიკური ინფორმაცია პაციენტთა და მათი ოჯახის წევრთა ფსიქოსოციალური  მდგომარეობისა და საჭიროებების შესახებ, არ არის გაწერილი თუ რა მასშტაბის სერვისი არის საჭირო ამ კუთხით და ვისი ჩართულობით უნდა იყოს შეთავაზებული აღნიშნული მომსახურება.

ძალზე აქტუალური და მნიშვნელოვანია, ძუძუს კიბოთი  ავადობის, ინვალიდობისა და სიკვდილიანობის ტვირთის შესამცირებლად   ისეთი მონაცემების  შეგროვება და ანალიზი,  კვლევის ჩატარება , რომელიც დაგვანახებს სურათს თუ რა საჭიროებებისა და გამოწვევების წინაშე დგას საქართველოს ჯანდაცვის სისტემა და თავად პაციენტები ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სერვისების რეგულაციისა და მათი ხელმისაწვდომობის კუთხით.

პროექტის მიზანი და ამოცანები:

პროექტის მიზანია საქართველოში ძუძუს კიბოს მკურნალობის შემდგომ პერიოდში ქალთა წინაშე მდგარი ფიზიკური და ფსიქო-სოციალური მდგომარეობის შეფასება და ზრუნვის ხარისხიანი სერვისების ხელმისაწვდომობის კუთხით არსებული გამოწვევების გამოვლენა.

პროექტის ამოცანებია:

  1. აღნიშნულ საკითხზე საერთაშორისო საკვანძო კვლევებისა და მტკიცებულებების მიმოხილვა
  2. საქართველოში ინსტიტუციური, სამართლებრივი ჩარჩოს აღწერა და ანალიზი (მოქმედი აქტორები და მათი პრაქტიკა, სტრატეგიული თუ ნორმატიული დოკუმენტები)
  3. ძუძუს კიბოს მკურნალობის შემდგომ პერიოდში ქალთა სამიზნე ჯგუფის სკრინინგული გამოკვლევა მათი ფიზიკური და ფსიქო-სოციალური მდგომარეობის შესაფასებლად საქართველოს შერჩეულ ქალაქებში და მუნიციპალიტეტებში.
  4. ონკოლოგიური სერვისების მიმწოდებელი სამედიცინო პერსონალის ინტერვიუირება ზრუნვის ხარისხიანი სერვისების ხელმისაწვდომობისა და გაუმჯობესების შესაძლებლობების კუთხით.
  5. მტკიცებულებებზე დაფუძნებით პრაქტიკული რეკომენდაციების შემუშავება და საუკეთესო პრაქტიკის პოლიტიკის ფორმირების ხელშეწყობა.

კვლევის შედეგი: კვლევის შედეგად მიღებული შედეგების საფუძველზე,  მტკიცებულებებზე დაფუძნებული რეკომენდაციების შემუშავება  და საუკეთესო პრაქტიკის პოლიტიკის  ფორმირების ხელშეწყობა.

პროექტის მიგნებები-რეკომენდაციები საფუძვლად დაედება კიბოს ადვოკატობის კამპანიების დაგეგმვა-წარმართვას.

მეთოდოლოგია:

კვლევის ფარგლებში მოხდება შერჩეული სამიზნე ჯგუფის გამოკვლევა. სამიზნე ჯგუფის ზომა: 360 ქალი შეირჩა 2015-2019 წლებში ძუძუს კიბოს დიაგნოზით რეგისტრირებული 8,600 ქალიდან.  ჩატარდება პირისპირ ინტერვიუ სტანდარტული შემუშავებული კითხვარის გამოყენებით. კითხვარის საშუალებით განხორციელდება პაციენტების ფიზიკური (ECOG) და ფსიქოემოციური მდგომარეობის სკრინინგული შესწავლა. გამოყენებული იქნება საერთასორისო პრაქტიკაში მიღებული ინდიკატორები და საზომი შკალები.

კვლევის ფარგლებში ცალკე ჯგუფად გაერთიანდებიან ქალები, რომლებსაც გავლილი აქვთ პოსტოპერაციული სარეაბილიტაციო ფსიქოლოგიური ტრეინინგი, მოხდება მათი გამოკითხვის შედეგების შედარება მეორე  ჯგუფის შედეგებთან, ვისთვისაც არ იყო ხელმისაწვდომი მოცემული სერვისები. შედეგად, სრულად შეფასდება კიბოს ემოციური ზეგავლენა და შემდგომში რეკომენდაციების სახით განისაზღვრება ინტერვენციები პაციენტთა ფიზიკური და მორალური შესაძლებლობების გასაძლიერებლად დაავადებასთან,  მკურნალობასთან და ცხოვრების წესის ცვლილებასთან დაკავშირებული სირთულეების გადალახვის მიზნით.

ონკოლოგიური სერვისების მიმწოდებელი სამედიცინო პერსონალის (ონკოლოგების, მამოლოგების, გინეკოლოგების, სულ 30 სპეციალისტის) გამოსაკითხად გამოყენებული იქნება განსხვავებული კითხვარი.

საკონტაქტო ინფორმაცია