ო. ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი

This post is also available in: English

„მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის პროექტი 2“–ს 2015 წლის შედეგების მიმოხილვა

2015 წლის აგვისტოს დასაწყისში გამოცხადდა დამწყებ მეწარმეთა საგრანტო კონკურსი, რომლის ფარგლებში განხორციელდა კარდაკარ ვიზიტები და ჩატარდა სათემო შეხვედრები დაინტერესებულ მოსახლეობასთან. სექტემბრის დასაწყისში სულ წარმოდგენილი იქნა 534 განაცხადი 60 მიზნობრივი სოფლიდან.

აღნიშნული განაცხადები განიხილა კომისიამ მოწვეული სოფლის მეურნეობის ექსპერტის მონაწილეობით და შედეგად ბიზნესის დაგეგმარების ტრენინგში მონაწილეობისთვის შერჩეული იქნა 167 ადამიანი.

ოქტომბრის პირველ ნახევარში ჩატარდა ორდღიანი ტრენინგები მიკრობიზნესის დაგეგმარებაში, რომლებშიც მონაწილეობა მიიღო 161 განმცხადებელმა. ტრენინგის პროგრამა მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიცაა ბიზნესის ხედვა და საბაზრო პოზიცია, გაყიდვები და მარკეტინგი, წარმოების ორგანიზაცია და დაგეგმვა და ფინანსური გეგმა.

შესარჩევმა კომისიამ ბიზნეს–ექპერტების მონაწილეობით განიხილა ყველა წარმოდგენილი ბიზნეს–გეგმა. განხილვა მოიცავდა რამდენიმე ეტაპს, დაწყებული ქულებით შეფასებიდან და დამთავრებული კონკურსანტების მიერ თავისი ბიზნეს–იდეის პრეზენტაციით. ნოემბრის ბოლოს კონკურსის უკანასკნელ ეტაპზე გადასულმა განმცხადებლებმა კომისიის წინაშე წარმოადგინეს თავიანთი პროექტები, ისაუბრეს ბიზნესის ჩამოყალიბების საწარმოო, ფინანსურ და საბაზრო ასპექტებზე და პასუხი გასცეს დასმულ შეკითხვებს.

დამწყებ მეწარმეთა კონკურსის პარალელურად მიმდინარეობდა საგრანტო კონკურსი პროექტის პირველ ფაზაში დაფინანსებული მიკრო მეწარმეებისთვის.

განხილვისა და მსჯელობის შემდეგ კომისიის მიერ დაფინანსებისთვის შერჩეული იქნა 75 დამწყები და 7 არსებული მიკრო მეწარმე, თუმცა სამმა გამარჯვებულმა უარი განაცხადა პროექტის განხორციელებაზე და საბოლოო ჯამში ხელი მოეწერა 79 საგრანტო ხელშეკრულებას. ხელშეკრულების ხელმოწერამდე გამარჯვებულებს მოეთხოვათ რეგისტრაცია გადასახადის გადამხდელად მათი საქმიანობის საგნის შესაბამისად.

2015 წელს სულ დაფინანსდა ორმოცდაერთი დამწყები ბიზნესი და სამმა არსებულმა მიკრო-ბიზნესმა კი მიიღო დაფინანსება საქმიანობის გაფართოებისთვის.

საკონტაქტო ინფორმაცია