ო. ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი

სასწავლო ვიზიტი ვერმიკომპოსტის სადემონსტრაციო ნაკვეთზე

მცირე ბიზნესის განვითარების პროექტის მესამე ფაზა დაიწყო 2018 წლიდან ბაქო -სუფსის მილსადენის გასწვრივ მდებარე სოფლებში. პროექტი ინიცირებული და დაფინანსებულია bp-ისა და მისი პარტნიორების მიერ საქართველოს მილსადენის   კომპანიაში. პროგრამას ახორციელებს კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC).

პროექტის მიზანია პოზიტიური ურთიერთობების გაღრმავება bp-სა და მილსადენის გასწვრივ მდებარე სოფლების მოსახლეობას შორის მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის გზით.

პროგრამის ფარგლებში მცირე ბიზნესის  განვითარების ხელშეწყობა საგანმანათლებლო კომპონენტსაც შეიცავს. ამ კომპონენტის ფარგლებში პროექტის ცამეტი ბენეფიციარი, რომლებიც დაკავებულია მებოსტნეობითა და მეხილეობით, ეწვია ვერმიკომპოსტის ანუ ბიოჰუმუსის წარმოების სადემონსტრაციო ნაკვეთს ხობის მუნიციპალიტეტის სოფ. ახალსოფელში.

ვიზიტის მიზანი იყო მონაწილეთა გაცნობა ბიოჰუმუსის წარმოების ტექნოლოგიასთან, ასევე ნაკვეთის ფუნქციონირების ფინანსურ, ტექნიკურ და სხვა ასპექტებთან.

ბ-ნმა გიორგი გორგაძემ, რომელიც სათავეში უდგას სადემონსტრაციო ნაკვეთს, ისაუბრა ვერმიკომპოსტის სარგებლიანობის შესახებ, აღნიშნა, რომ მისი გამოყენება მოსავლიანობას ზრდის 30-70%-ით, აძლიერებს მცენარეების იმუნიტეტს და ხელს უწყობს ნიადაგის სტრუქტურის აღდგენას. მან მიმოიხილა ბიოჰუმუსის საწარმოო ციკლი, დაწყებული ნაკელის შემოზიდვისა და მომზადებიდან და დამთავრებული საბოლოო პროდუქტის მიღებით, ასევე განმარტა მისი გამოყენების წესები.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ ეტაპზე ბიოჰუმუსის ძირითადი მოხმამრებლებია დასავლეთ საქართველოში მდებარე შედარებით მსხვილი აგრომეურნეობები, თუმცა ინტერესი მის მიმართ იზრდება, რადგან სულ უფრო მეტი ფერმერი აცნობიერებს ეკოლოგიურად სუფთა მემცენარეობის მნიშვნელობას.

პროექტის ბენეფიციარები დიდი ინტერესით უსმენდნენ ბ-ნ გიორგის და ბევრ კითხვებს უსვამდნენ მას. რამდენიმემ შეიძინა ვერმიკომპოსტი თავის სათბურებსა თუ ნაკვეთებში გამოსაყენებლად. მსმენელებმა უაღრესად დადებითად შეაფასეს ვიზიტი, რადგან მიიღეს ღირებული პრაქტიკული ცოდნა.

საკონტაქტო ინფორმაცია