ო. ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი

„ტრენინგები მედიაწიგნიერებაში, ფინანსურ და ონლაინ განათლებაში „ჩართეს“ ბენეფიციარი სოციალურად დაუცველი უფროსკლასელებისთვის“

კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის “ინოვაციური სოციალური იდეები კოვიდ-19-ის საპასუხოდ” ფარგლებში დაფინანსებული კიდევ ერთი პროექტი დასრულდა.

პროექტი: „ტრენინგები მედიაწიგნიერებაში, ფინანსურ და ონლაინ განათლებაში „ჩართეს“ ბენეფიციარი სოციალურად დაუცველი უფროსკლასელებისთვის“

„ფონდი აქსესის“ პროექტი „ჩართე“ (charte.ge) საქველმოქმედო პლატფორმაა, რომელზეც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, დაუფინანსოს ინტერნეტი და კომპიუტერი სოციალურად დაუცველ უფროსკლასელს. 2020 წლის სექტემბრიდან 2021 წლის აპრილის ჩათვლით „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის“ დაფინანსებით „ჩართემ“ თავისი ბენეფიციარებისათვის 20 ერთდღიანი ტრენინგი ჩაატარა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მედიაწიგნიერებაზე, ფინანსურ და ონლაინ განათლებაზე. გრანტის ფარგლებში დაფინანსდა, ასევე, ტრენინგების გავლენისა და ეფექტურობის კვლევაც.

პროექტის ფარგლებში ტრენინგებს ჯამში 334 მოსწავლე დაესწრო. ტრენინგების ფარგლებში:

  • ბენეფიციარები ეცნობოდნენ ონლაინ განათლების უპირატესობებს და მისი მიღების უფასო გზებს. ასევე, „ჩართე“-ს გუნდი სთავაზობდათ მათ უფასო პლატფორმებს, სადაც მოსწავლეები სახლიდან გაუსვლელად შეძლებდნენ დაუფლებოდნენ მათთვის საინტერესო პროფესიებს.
  • „ჩართეს“ მოსწავლეებს, რომლებსაც კომპიუტერის გადაცემითა და ინტერნეტის ჩართვით ეძლევათ წვდომა ინფორმაციის საკმაოდ დიდ ნაწილზე, ტრენინგების ფარგლებში სწავლობდნენ ამ ინფორმაციის სიზუსტის გადამოწმების ხერხებსა და კრიტიკულ ანალიზს.
  • ტრენინგების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ფინანსურ განათლებასაც, რათა თავიდან აირიდონ მოსწავლეებმა დამოუკიდებელი ცხოვრების საწყის ეტაპზე არასწორი ფინანსური გადაწყვეტილებები.

ამასთანავე, პროექტის ფარგლებში დაფინანსდა ტრენინგების გავლენისა და ეფექტურობის კვლევა, სადაც მონაწილეობა მიიღო „ჩართეს“ 171-მა მოსწავლემ.

იხ. კვლევის ანგარიში სრულად: https://charte.ge/ge/reports/training-impact

კვლევის შედეგად გამოიკვეთა:

  • „ჩართეს“ გუნდის მიერ დასახულ სამიზნე ნიშნულს გადააჭარბა მოსწავლეთა კმაყოფილებამ და ტრენინგზე მიღებულმა ცოდნამ. მოსწავლეებმა ტრენინგების შემდეგ გააორმაგეს ტრენინგების თემატიკაზე შექმნილ ტესტებში მიღებული ქულები.  მონაწილეთა ცოდნა მედიაწიგნიერების, ფინანსურ და ონლაინ განათლებაში მოწმდებოდა პრე და პოსტ ტესტების მეშვეობით.
  • ტრენინგის ჩატარებიდან 6-8 კვირის შემდეგ მოსწავლეთა უმეტესობამ განაცხადა, რომ იყენებენ ტრენინგზე მიღებულ ცოდნას (მაგალითად, 80% იყენებს ტრენინგზე ნახსენებ ონლაინ სასწავლო რესურსებს. 88% ამოწმებს ინფორმაციის ნამდვილობას ტრენინგზე ნახსენები რესურსების მიხედვით, 72% კი ადგენს საკუთარ ბიუჯეტს).
  • ტრენინგების შემდეგ შეიცვალა ბენეფიციართა მოსაზრებები. 84% უფრო მეტადაა დარწმუნებული იმაში, რომ ონლაინ ყველაფრის სწავლა შეუძლია. 92% უფრო დარწმუნებულია ინგლისური ენის ცოდნის მნიშვნელობაში.

„ჩართეს“ გუნდი აცხადებს, რომ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში მოხდა ტრენინგების სასწავლო მოდულების დახვეწა და სიღრმისეული კვლევის  მეშვეობით უკეთ დაინახა მოსწავლეთა საჭიროებები და ინტერესები, რაც სესიების სამომავლო განვითარებას შეუწყობს ხელს.

სამომავლოდ, პროექტი „ჩართე“ კერძო დონორებისა და შემოწირულობების დახმარებით აპირებს გააგრძელოს სოციალურად დაუცველი უფროსკლასელებისათვის ინტერნეტსა და კომპიუტერზე წვდომის მიცემა და ამასთანავე, დანერგოს პროექტში მიღებული ცოდნა და გამოცდილება და განაგრძოს ბენეფიციარებისათვის ერთდღიანი ტრენინგების ჩატარება.

პროექტი განხორციელებულია „ფონდი ექსესის“ პროექტის „ჩართეს“ გუნდის მიერ „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის“ მხარდაჭერით Bread for the World-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის „ჯანმრთელობის, ზრუნვის და სოციალური უფლებებისთვის“ ფარგლებში.

საკონტაქტო ინფორმაცია