2019 წლის დეკემბერში დასრულდა პროექტის პირველი ნახევარი, რომელიც 2018 წლის ივლისის ბოლოს დაიწყო. პროექტი წარმოადგენს პროგრამის წინა ორი ფაზის გაგრძელებას, რომელიც 2012 წლიდან ხორციელდება. ამასთან დაკავშირებით, შეჯამებული იქნა შუალედური შედეგები და ჩატარდა შიდა შეფასება, რომელთა რეზიუმე წარმოდგენილია ქვევით.

პროექტის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგია ის, რომ ორი საგრანტო კონკურსის შედეგად დაფინანსდა 42 მიკრო მეწარმე, რომელთაგან 39–მა მიიღო თანხა ბიზნესის დასაწყებად, ხოლო სამმა – გასაფართოვებლად. აღნიშნული ბიზნესები შეირჩა სამეტაპიანი შერჩევის შედეგად, რომელიც დაიწყო საინფორმაციო კამპანიით სამოცივე სამიზნე სოფელში და ბიზნეს–იდეების წარმოდგენით. შემდეგ მონაწილეებმა, რომლებმაც გადალახეს წინასწარი შეფასების ეტაპი, გაიარეს ბიზნესის დაგეგმარების ორ–დღიანი ტრენინგი და შეიმუშავეს დეტალური ბიზნეს–გეგმები. ბიზნეს–გეგმები განიხილა და შეაფასა შესარჩევმა კომისიამ, რომელიც შედგებოდა პროექტის გუნდისა და ბიზნესის განვითარების მოწვეული ექსპერტისაგან. შერჩევის საბოლოო ეტაპი იყო პრეზენტაცია, რის შემდეგაც გამარჯვებულებმა მიიღეს ფულადი სახსრები მოთხოვნილი კაპიტალური აქტივების შესაძენად. სავალდებულო პირობას წარმოადგენდა ბენეფიციარის თანადაფინანსება, რომელიც შეადგენდა არა ნაკლებ მთლიანი ინვესტიციის 30%–სა დამწყები ბიზნესებისთვის და არანაკლებ 40%–სა არსებული ბიზნესებისთვის. მეწარმე ქალთა წილმა მთლიანი რაოდენობის 27% შეადგინა, ხოლო ახალგაზრდა მეწარმეთა წილმა – მთლიანი რაოდენობის 20%.

უნდა აღინიშნოს, რომ დაფინანსებული ბიზნესებიდან 27 დაკავშირებული იყო სასოფლო–სამეურნეო წარმოებასთან, ხოლო 15 – არასასასოფლო–სამეურნეო წარმოებასა და მომსახურებასთან (შესაბამისად 64% და 36%). სასოფლო–სამეურნეო ბიზნესებს შორის ყველაზე მეტი პროექტი უკავშირდებოდა სასათბურე წარმოებას, კენკრის წარმოებას და აგროსერვისს. რაც შეეხება არასასოფლო–სამეუურნეო მიმართულებებს, ყველაზე დიდი ინტერესი გამოიწვია საკონდიტრო და სამკერვალო მინი–საამქროებმა.

პირველივე დღეებიდან პროექტი უწევდა ტექნიკური დახმარებას და კონსულტირებას მხარდაჭერილ ბენეფიციარებს. უნარების განვითარებასთან დაკავშირებული ყველა ღონისძიება, კერძოდ, სწავლების სესიები, მენტორობა, პროფესიული და ტექნიკური ტრენინგები მიმართული იყო მათი ბიზნეს–უნარების და ცოდნის განმტკიცებაზე და ამით გრძელვადიანი მდგრადობის უზრუნველყოფაზე. სავალდებულო საგადასახადო ტრენინგი მიზნად ისახავდა ბენეფიციართა სამეწარმეო კულტურის ამაღლებას ძირითადი საგადასახადო პრინციპებისა და ცნებების გაცნობის გზით. აღნიშნული ტრენინგის მნიშვნელოვანი შედეგი გახდა ის, რომ მონაწილეებმა გაიაზრეს დაბეგვრის სოციალურ–ეკონომიკური, ადმინისტრაციული და პოლიტიკური კონტექსტი და მივიდნენ დასკვნამდე, რომ მიუხედავად იმისა, რომ გადასახადები ტვირთად აწვება მეწარმეებს, სახელმწიფო ხელსაყრელ საგადასახადო გარემოს უქმნის მცირე ბიზნესს.

ნებაყოფლობითი პროფესიული ტრენინგები მიზნად ისახავდა ბენეფიციართა პროფესიული განვითარების ხელშეწყობას. მიკრო მეწარმეები, რომელთაც სჭირდებოდათ დატრენინგება და მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები განისაზღვრა მონიტორინგისა და ერთობლივი მსჯელობის გზით. სულ ჩატარდა ხუთი ასეთი ტრენინგი სურსათის უვნებლობის, სასათბურის წარმოებისა და ვარდების წარმოების საკითხებზე.  აღნიშნულმა ტრენინგებმა ხელი შეუწყო ბენეფიციართა პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების სრულყოფას, ყველა მონაწილემ შეაფასა ისინი, როგორც აქტუალური და სასარგებლო. თითქმის ყველამ გაითვალისწინა ტრენერთა რეკომენდაციები და შედეგად სარგებელი მიიღო.

პროექტის თანამშრომელთა მიერ ჩატარებული სასწავლო სესიები მნიშვნელოვანი იყო ბენეფიციართა ტექნიკური უნარების განვითარების თვალსაზრისით, რომლებიც აუცილებელია ბიზნესის ეფექტური ადმინისტრირებისთვის. არის რამდენიმე სავალდებულო თემა, რომელიც ყველამ უნდა გაიაროს, კერძოდ: SWOT ანალიზი, მარკეტინგის საფუძვლები, თვითღირებულების გაანგარიშება და სტრატეგიული დაგეგმვა. სხვა თემები მორგებული იქნება მეწარმეების კონკრეტულ საჭიროებებზე. ბენეფიციართა აზრით, სწავლებამ უკვე შეუწყო ხელი მათი ბუღალტრული აღრიცხვისა და ხარჯების პროგნოზირების უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას და მომხმარებელთა რაოდენობის ზრდას.

მენტორინგი ძალიან მნიშვნელოვანია გამოცდილ მიკრო მეწარმეთა ცოდნისა და გამოცდილების გადაცემის თვალსაზრისით ნაკლებად გამოცდილი კოლეგებისთვის. პროექტის რვა მენტორმა შეხვედრები გამართა დამწყებ მეწარმეებთან, რომლებმაც მადლობა გადაუხადეს მათ მიცემული რეკომენდაციებისათვის და უკვე გამოიყენეს რჩევების ნაწილი.

ქვევით წარმოდგენილია პირველი ფაზის განხორიციელების პერიოდში მიღწეული შუალედური შედეგები:

–              შეიქმნა 47 სამუშაო ადგილი (მათ შორის 42 თვითდასაქმებული და 5 არასრული სამუშაო ადგილი);

–              დამწყებ მეწარმეთა მიერ გამომუშავებულმა მთლიანმა მოგებამ შეადგინა 148,945 ლარი;

–              არსებულ მეწარმეთა მიერ გამომუშავებულმა მთლიანმა მოგებამ შედგინა 16,168 ლარი;

–              საშუალო თვიურმა მოგებამ შედგინა 620 ლარი, რაც ექვსჯერ აღემატება დაგეგმილ მაჩვენებელს;

–              23–მა მიკრო მეწარმემ გამოისყიდა მთლიანი ინვესტიცია, ანუ პროექტის სახსრები და მათი კონტრიბუცია;

–              14–მა მიკრო მეწარმემ დააარსა ბიზნესი, რომელსაც ადრე მათ სოფლებში ანალოგი არ გააჩნდა;

–              36 დაფინანსებული მიკრო მეწარმე დარწმუნებულია, რომ სწავლების სესიებმა ხელი შეუწყო მათი მუშაობის გაუმჯობესებას;

–              სასათბურე წარმოების პროფესიული ტრენინგის 15 მონაწილემ დადებითად შეაფასა ტრენინგი და დანერგა ტრენერების რეკომენდაციები;

–              12 მიკრო მეწარმემ მიიღო პროექტის მენტორთა კონსულტაციები; მათგან თერთმეტმა დადებითად შეაფასა მენტორების რჩევები და გამოიყენა მათი პრაქტიკული რეკომენდაციები.

პროექტის მნიშვნელოვანი შედეგი გახდა ის, რომ სამიზნე თემებში გაუმჯობესდა წვდომა საქონელსა და მომსახურებაზე, ვინაიდან 42–მა მხარდაჭერილმა მიკრო ბიზნესმა 255,000 ლარზე მეტი ღირებულების საქონელი/მომსახურება აწარმოა და 2035 ადამიანმა მიიღო წვდომა მათ პროდუქტებზე. გარდა ამისა, ყველა მხარდაჭერილი ბიზნესი გრძნობს თავს საკუთარი ბიზნესის მეპატრონედ – ისინი აცნობიერებენ, რომ სრული პასუხისმგებლობა აკისრიათ თავისი ეკონომიკური საქმიანობის შედეგებზე. რაც შეეხება სოციალურ გავლენას, მისი  შეფასება გარკვეულ წილად შეიძლება იმის მიხედვით, რომ საინფორმაციო კამპანიების ფარგლებში მოცული იქნა თითქმის 1100 ადამიანი, რომელთაც მიაჩნიათ, რომ პროექტი პასუხობს მათ ძირითად მოთხოვნებს.

შუალედურმა შეფასებამ, რომელიც შიდა ძალებით ჩატარდა 2019 წლის ბოლოს, დაადასტურა, რომ პროექტი მთლიანად შეესაბამება ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს, სადაც ჩვეულებრივი ადამიანების დონეზე აშკარაა მისაწვდომი ფინანსების ნაკლებობა. პროექტს დადებითად აფასებენ არა მარტო მხარდაჭერილი მიკრო მეწარმეები, არამედ ისინიც, ვინც ვერ მოიპოვა დაფინანსება, ადგილობრივი მმართველობის წარმომადგენლები და ბიზნეს–ექსპერტები. გამოკითხული რესპონდენტების აბსოლუტური უმრავლესობა თვლის, რომ პროექტი მთლიანად პასუხობს მცირე მეწარმეობის განვითარების კონტექსტს და საჭიროა ადგილობრივი თემებისთვის. პროექტი რეალურად ცვლის ადამიანების ცხოვრებას უკეთესობისკენ. რასაკვირველია, ეს ცვლილებები არ არის მასშტაბური, თუმცა იგივე შეიძლება ითქვას გაცილებით უფრო მსხვილ პროექტებზეც.

პროექტის აღიარებამ და რწმენამ, რომ მას სასიკეთო შედეგები მოაქვს, განაპირობა არამიზნობრივი სოფლების ბაღლეფის (ჯურუყვეთის თემი), ზემო ჩიბათის და ჭალის (ჩიბათის თემი) მომართვა თხოვნით აღნიშნული სოფლების პროექტის სამიზნე არეალში შეყვანის შესახებ. ბაღლეფის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა წარმატებით ითანამშრომლეს პროექტთან და სავალდებულო პროცედურების გავლის შემდეგ დონორისგან მიღებული იქნა ნებართვა სამიზნე სოფლების სიაში ბაღლეფის შეყვანასთან დაკავშირებით. ბაღლეფის ადმინისტრაციამ აღფრთოვანებით შეხვდა იმ ფაქტს, რომ სოფელი 600–კაციანი მოსახლეობით არა მარტო შეყვანილი იქნა სამიზნე სოფლების სიაში, არამედ მონაწილეობას მიიღებს 2020 წლის საგრანტო კონკურსში.