სექტემბერში დასრულდა მესამე საგრანტო კონკურსის ფარგლებში გამარჯვებულ ბენეფიციართა პირველი ნაკადის დაფინანსება. სულ დაფინნასება მიიღო ოცმა ადამიანმა, რომელთაგან 17 დამწყები და 3 არსებული მეწარმეა. შეგახსენებთ, რომ „მცირე ბიზნესის განვითარების  პროექტი 3“ ინიცირებული და დაფინანსებულია bp-სა და მისი პარტნიორების მიერ საქართველოს მილსადენის კომპანიაში.

აღსანიშნავია, რომ საკონკურსო შერჩევისას პროექტის გუნდი ყოველთვის ცდილობს შეარჩიოს არა მარტო ისეთი განაცხადები, რომლებიც სიცოცხლისუნარიანობის მაღალო პოტენციალით გამოირჩევა, არამედ ისეთებიც, რომელთა მომსახურებაზე თემში მოთხოვნა არსებობს. ამ მხრივ გამონაკლისი არც მესამე საგრანტო კონკურსი აღმოჩნდა, შერჩეული პროექტებისგან რამდენიმეს მიმართ ადგილობრივი მცხოვრებლები განსაკუთრებულ დაინტერესებას გამოხატავდნენ. ეს პროექტებია: სილამაზის სალონი (სოფ. ამაღლება, ვანი), ველოსიპედების გაქირავება (სოფ. გრიგოლეთი, ლანჩხუთი), აგროსერვისი (სოფ. ნიგვზიანი, ლანჩხუთი), ავეჯის საამქრო (სოფ. ჭალატყე, ზესტაფონი).

ენთუზიაზმით სავსეა ასევე თამარ აკოფოვი (სილამაზის სალონი, დიდველა, ბაღდათი), რომელიც დაფინანსებას იანვარში მიიღებს. ამასობაში მისი ოჯახი ჩართულია სალონის მშენებლობაში. ეს იქნება ცენტრალური გზის პირას განთავსებული კაპიტალური შენობა 30მ2 ფართით, რომელიც დააკმაყოფილებს სალონისთვის სავალდებულო ყველა მოთხოვნას. თამარს აქვს საკმაოდ დიდი პროფესიული გამოცდილება, ისევე როგორც მისი მეუღლის დას, რომელიც მას დაეხმარება. ფაქტიურად, სალონში ორი ახალგაზრდა ქალი დასაქმდება. სოფელიც კმაყოფილია, რადგან მათ დიდი ხანია სურდათ სილამაზის სალონი ჰქონოდათ. მეზობლები სიამოვნებით ეხმარებიან თამარის ოჯახს მშენებლობაში და ასევე მადლიერებას გამოხატავენ პროეტის მიმართ, რომელმაც საჭირო ბიზნესის შექმნას ჩაუყარა საფუძველი.

წინა წლებში დაფინანსებულ ბენეფიციართაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია იური ლორთქიფანიძე (ღვინის დაწურვის სერვისი, სოფ. სალხინო, ვანი), რომლის ბიზნესი თანდათანობით ძალას იკრებს და სულ უფრო ცნობადი ხდება სალხინოს მიმდებარე სოფლებსა და ქ. ვანში. იური ადგილობრივებს სთავაზობს ღვინის დაწურვას ევროპული ტექნოლოგიით  და წელს ბევრი კლიენტი ჰყავდა, ადამიანები რიგშიც კი ეწერებოდნენ.

ბენეფიციარებს განსაკუთრებით ახარებს ის ფაქტი, რომ მათი მომსახურება სოფელს რეალურად სჭირდება და მადლიერებას გამოხატავენ პროექტისა და მისი დონორის მიმართ. პროექტის გუნდი კი, თავის მხრივ, მაქსიმალურად ცდილობს აღჭურვოს ისინი პრაქტიკული უნარებით, რომლებიც დაეხმარებათ წარმატებულ განვითარებაში.