ო. ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი

CTC-ის პროექტის „ჯანმრთელობის, ზრუნვისა და სოციალური უფლებები“-ს ფარგლებში დაფინანსებული ადვოკატირების პროექტი დასრულდა.

პროექტის განმახორციელებელი: სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC), „ალტერნატივა ჯორჯია“

სოციალური სამართლიანობის ცენტრი და ალტერნატივა ჯორჯია 2020 წლის მარტიდან 2021 წლის აპრილის ჩათვლით ახორციელებდა ზრუნვის საჭიროებების, სერვისებისა და პოლიტიკის ადვოკატირების პროექტს, რომლის ძირითადი მიზანი იყო “კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის” ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული კვლევის „ოპიოიდებით ჩანაცვლებითი მკურნალობის ხელმისაწვდომობა საქართველოს პენიტენციურ სისტემაში“ შედეგად გამოვლენილი ბარიერების აღმოფხვრა და ამავე კვლევით განსაზღვრული რეკომენდაციების აღსრულების მხარდაჭერა და საკითხის პოლიტიკურ დღის წესრიგში გააქტიურება.

მიუხედავად ქვეყანაში პანდემიიდან გამოწვეული მძიმე ვითარებისა, პროექტის განმახორციელებელმა ორგანიზაციებმა შეძლეს დასახული მიზნის მისაღწევად განეხორციელებინათ პროექტით გათვალისწინებული აქტივობები:

  1. პროექტის ფარგლებში შემუშავდა ციხეებში ხანგრძლივი ჩანაცვლებითი მკურნალობის დანერგვის სამოქმედო გეგმა (პრაქტიკული სახელმძღვანელო დოკუმენტი), რომელიც მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ოპიოიდებით ჩანაცვლებითი მკურნალობის (ოჩთ) ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში.
  2. შედგა კომუნიკაცია ჯანდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებთან. შემუშავებული სამოქმედო გეგმა გადაეგზავნათ უწყებებს. იმის გათვალისწინებით, რომ დოკუმენტზე მუშაობა ცოტა ხნის წინ დასრულდა, პროექტის გუნდს ჯერჯერობით კონკრეტული უკუკავშირი უწყებების მხრიდან დოკუმენტთან დაკავშირებით არ მიუღია. თუმცა, პროექტის გუნდი აპირებს, პროექტის ფარგლებს გარეთ, აქტიურად განაგრძოს ამ საკითხებზე მუშაობა, უწყებებთან კომუნიკაცია და მათი უკუკავშირის შესახებ სამომავლო ნაბიჯების დაგეგმვა.
  3. პროექტის გუნდმა გააანალიზა არსებული კანონმდებლობის და მარეგულირებელი ჩარჩო. ამ აქტივობის ფარგლებში გამოიცა მოკლე ანალიტიკური დოკუმენტი. დოკუმენტი ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე: https://bit.ly/2Sfokmg
  4. აქტივისტთა ჯგუფთან და სერვისის ბენეფიციარებთან მათი საჭიროების იდენტიფიცირების, ცნობიერების ამაღლების და აღნიშნული პროგრამის დანერგვაში მათი მონაწილეობის გაძლიერების მიზნით, მოეწყო დახურული სამუშაო შეხვედრები თემის წევრებთან, შემუშავდა საინფორმაციო ბუკლეტები (ონლაინ ვერსია: https://bit.ly/2Rq9NUE) და გამოქვეყნდა დოკუმენტური ვიდეო, უშუალოდ თემის წევრის მონაწილეობით, რეალურ ისტორიაზე დაყრდნობით (ვიდეო ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე: https://bit.ly/3gY0sxT)

ადვოკატირების კამპანიის სამომავლო ხედვა:

– სამომავლოდ, ადვოკატირებისთვის მნიშვნელოვანი იქნება საკანონმდებლო ცვლილების აქტიური დაკვირვება, საკომიტეტო განხილვებში მონაწილეობა, ერთიანი შეფასებები გაკეთება და გავრცელება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში კი საკონსტიტუციო სამართალწარმოების მექანიზმის გამოყენება.

– ამასთან, ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ პანიტენციურ სისტემაში პროგრამის დანერგვასთან ერთად, დამატებით მუშაობას, არსებული პროგრამის და სტანდარტების გაუმჯობესების მიზნით, სამოქალაქო სექტორში არსებული რეგულაციებიც მოითხოვს.

– ორგანიზაცია პირველ რიგში მონიტორინგს გაუწევს სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესს, რომელიც ითვალისწინებს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ციხეებში ოჩთ პროგრამების დანერგვის მიზნით.  ორგანიზაცია ეცდება შეაფასოს აღნიშნული პროცესი, აქტიურად გაუწიოს ადვოკატირება ხანგრძლივი ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამების დანერგვას უწყებებთან.

– ადვოკატირების მნიშვნელოვანი კომპონენტია აღნიშნულ საკითხზე აქტიური კომუნიკაცია სახალხო დამაცველის აპარატთან. სოციალური სამართლიანობის ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს სახალხო დაცველის აპარატთან და ოჩთ პროგრამის ხელმისაწვდომობის პრობლემაზეც გაზიარებულია სახალხო დამცველის ოფისისთვის შესაბამისი ინფორმაცია.

– ასევე, ადვოკატირებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თემის წევრებთან მუშაობას, საკითხის ადვოკატირებას მათი უშაულო მონაწილეობით, მათივე პრაქტიკის და გამოცდილების გაზიარებას, რომელიც კიდევ უფრო მეტად ავლენს იმ პრობლემებს რასაც პენიტენციურ სისტემაში ხანგრძლივი ოჩთ პროგრამების არარსებობა იწვევს.

პროექტი განხორციელებულია სოციალური სამართლიანობის ცენტრის და „ალტერნატივა ჯორჯიას“ გუნდის მიერ „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის“ მხარდაჭერით Bread for the World-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის „ჯანმრთელობის, ზრუნვის და სოციალური უფლებებისთვის“ ფარგლებში.

 

საკონტაქტო ინფორმაცია