ო. ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი

This post is also available in: Georgian

„მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის პროექტი 2“-ს მესამე საგრანტო კონკურსის შედეგები

დასრულდა მესამე საგრანტო კონკურსი, რომელიც გამოცხადებული იყო „მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის პროექტი 2“-ს ფარგლებში. აღნიშნული პროექტი ინიცირებული და დაფინანსებულია BP-სა და მისი პარტნიორების მიერ საქართველოს მილსადენების კომპანიაში. პროექტის მიზანია პოზიტიური ურთიერთობების გაღრმავება BP-სა და ბაქო-სუფსის მილსადენის გასწვრივ მდებარე სოფლების მოსახლეობას შორის მცირე ბიზნესის წამოწყებისა და განვითარების ხელშეწყობის საშუალებათა შექმნით.

საგრანტო კონკურსი ორ ეტაპს მოიცავდა: პირველზე განიხილებოდა ბიზნეს-იდეების მოკლე აღწერა, შემდეგ კი დეტალური ბიზნეს-გეგმები. ბიზნეს-იდეების წარდგენა დასრულდა თებერვლის ბოლოს, სულ მიღებული იქნა 270 განაცხადი სამოცი სამიზნე სოფლიდან. შესარჩევმა კომისიამ განიხილა აპლიკაციები განსაზღრული კრიტერიუმების მიხედვით. შედეგად 80-მა აპლიკანტმა განაგრძო კონკურსში მონაწილეობა და გადავიდა  ბიზნეს-გეგმის შემუშავების ეტაპზე.

ორდღიანი ტრენინგის გავლის შემდეგ 67-მა მონაწილემ  წარმოადგინა განსახილველად ბიზნეს-გეგმები. კონკურსის მონაწილეთა ინტერესი გამახვილებული იყო ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა მეფუტკრეობა, მესათბურეობა, მეფრინველეობა. რაც შეეხება არასასოფლო-სამეურნეო მიმართულებებს, ძირითადი აქცენტი გაკეთდა საცხობებსა და სამკერვალოებზე.

ბიზნეს-გეგმების შერჩევის პროცესი სამ ეტაპს მოიცავდა: პირველადი განხილვა, კონკურსანტების ადგილზე მონახულება-გასაუბრება და ბიზნეს-გეგმის პრეზენტაცია მათ მიერ. ამგვარი დაწვრილებითი განხილვის მიზანს წარმოადგენდა არა მხოლოდ საუკეთესო ბიზნეს-გეგმების შერჩევა, არამედ განმცხადებლების უნარიანობისა და მოტივაციის შეფასება. საბოლოო ჯამში დასაფინანსებლად შერჩეული იქნა 24 დამწყები ბიზნესი.

აღსანიშნავია, რომ წლევანდელი კონკურსის გამარჯვებულთა შორის არსებითად გაიზარდა არასასოფლო-სამეურნეო მიმართულებების და სერვისების წილი.

გამარჯვებულ კონკურსანტებთან გაფორმდა საგრანტო ხელშეკრულებები. დღეისათვის ყველა მათგანმა მიიღო დაფინანსება, შეისყიდა და ადგილზე მიიტანა მოთხოვნილი კაპიტალური აქტივები. ისევე, როგორც წინა კონკურსების ფარგლებში, სავალდებულო პირობას წარმოადგენდა ბენეფიციარის თანადაფინანსება, რომელიც მთლიანი საინვესტიციო ბიუჯეტის მინიმუმ 30%-ს შეადგენს. საერთო ჯამში ბენეფიციარების მხარდაჭერაზე 40767 ლარი დაიხარჯა (მოგების გადასახადის გარეშე).

ალბათ, საინტერესო იქნება თვალის შევლება მესამე საგრანტო კონკურსის მოსალოდნელი ეკონომიკური და სოციალური შედეგებისთვის.

ეკონომიკური ეფექტიანობის შეფასების ჭრილში პირველ რიგში აღსანიშნავია 24 სამუშაო ადგილის შექმნა, ასევე საოჯახო მეურნეობების საშუალო შემოსავლის ზრდა 30-40% ით.

რაც შეეხება სოციალურ ეფექტს, შეიქმნება ისეთი ახალი სასოფლო და არასასოფლო-სამეურნეო პროდუქცია და მომსახურება, რომელიც დღემდე მიუწვდომელი იყო. აღსანიშნავია ასევე დამწყები ბიზნესების მიერ მიღებული გამოცდილების და გაუმჯობესებული უნარების შედეგად გაზრდილი თვითშეფასება და სამეწარმეო სულისკვეთება, ასევე მზაობა, რომ წარმატებულად განავითარონ დაწყებული საქმე.

„არ მეგონა, საგრანტო კონკურსში თუ გავიმარჯვებდი, დიდი კონკურენცია იყო. უღრმესი მადლობა მინდა ვუთხრა BP-ს და კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრს, რადგან თქვენი დახმარების გარეშე მე საკერავ დანადგარებს ვერ შევიძენდი,“ – ამბობს რამაზ კაპანაძე, ვანის რაიონის სოფ. ამაღლების მკვიდრი, რომელმაც პროექტის დახმარებით ფეხსაცმლის სამკერვალო საამქრო გახსნა. წლების განმავლობაში რამაზი მსგავს საწარმოებში მუშაობდა, როგორც დაქირავებული მუშა, მაგრამ უკანასკნელ ხანებში მშობლიურ სოფელში დაფუძნდა. მან მშვენივრად გამოიყენა პროექტის მიერ მიცემული შესაძლებლობა. საწარმოს გახსნის დღიდანვე კლიენტები ბლომად გაუჩნდა, რადგან მისი შეკერილი ფეხსაცმელი გამორჩევა მაღალი ხარისხით და ხელმისაწვდომი ფასით.

მის აზრს სრულიად იზიარებს ლელა სურმავა სოფ. გულეიკარიდან, რომელმაც პროექტის დახმარებით კვერცხის რეალიზაციის ბიზნესი წამოიწყო: „უაღრესად მადლიერი ვარ BP-სა და კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის, თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რას ნიშნავს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ეს ბიზნესი.“ ლელამ საზაფხულო საქათმის კონსტრუქციის მრავალი მოდელი შეისწავლა ინტერნეტში, ვიდრე თავისთვის ოპტიმალურ ვარიანტს შეარჩევდა. ლელა იმედიანად უყურებს საკუთარი ბიზნესის მომავალს და უკვე ინკუბატორის შეძენაზე ფიქრობს.

წარმატებას ვუსურვებთ დამწყებ ბიზნესებს მათ საქმიანობაში!

საკონტაქტო ინფორმაცია