ო. ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი

This post is also available in: Georgian

„მცირე ბიზნესის განვითარების პროექტი 3“-ს პირველი საგრანტო კონკურსის შედეგები

„მცირე ბიზნესის განვითარების  პროექტი 3“ ინიცირებული და დაფინანსებულია BP-სა და მისი პარტნიორების მიერ საქართველოს მილსადენების კომპანიაში. პროექტის მიზანია პოზიტიური ურთიერთობების გაღრმავება BP-სა და ბაქო-სუფსის მილსადენის გასწვრივ მდებარე სოფლების მოსახლეობას შორის მცირე ბიზნესის წამოწყებისა და განვითარების ხელშეწყობის საშუალებათა შექმნით. გასული წლის ივლისის ბოლოს დაიწყო პროექტის მესამე ფაზა, რომელიც 2021 წლის ბოლომდე გაგრძელდება. ის ითვალისწინებს საგრანტო კონკურსებში გამარჯვებული დამწყები და არსებული ბიზნესების მხარდაჭერას, შემდგომ მონიტორინგს და კონსულტირებას, სხვადასხვა სახის ტრენინგებს, შეხვედრებს ადგილობრივ მმართველობასთან და სხვ.

სამოც სამიზნე სოფელში ჩატარდა პირველი საგრანტო კონკურსი, რომელიც ორ ეტაპს მოიცავდა: პირველზე განიხილებოდა ბიზნეს-იდეები, ხოლო მეორეზე – დეტალური ბიზნეს-გეგმები. ბიზნეს-იდეების წარდგენა დასრულდა 7 სექტემბერს, სულ მიღებული იქნა 251 განაცხადი. შესარჩევმა კომისიამ განიხილა ისინი განსაზღრული კრიტერიუმების მიხედვით. შედეგად 66 კონკურსანტი გადავიდა  ბიზნეს-გეგმის შემუშავების ეტაპზე.

ორდღიანი ტრენინგის გავლის შემდეგ 63–მა მონაწილემ  წარმოადგინა განსახილველად ბიზნეს-გეგმები. მათი ძირითადი ინტერესი მიმართული იყო ისეთ დარგებზე, როგორიცაა მეფუტკრეობა, მესათბურეობა, მეფრინველეობა, საცხობები და სამკერვალო სალონები

ბიზნეს-გეგმების შერჩევის პროცესი სამ ეტაპს მოიცავდა: პირველადი განხილვა, კონკურსანტების ადგილზე მონახულება-გასაუბრება და პრეზენტაცია. ამგვარი დაწვრილებითი განხილვის მიზანს წარმოადგენდა არა მხოლოდ საუკეთესო ბიზნეს-გეგმების შერჩევა, არამედ განმცხადებლების უნარიანობისა და მოტივაციის შეფასება. საბოლოო ჯამში დასაფინანსებლად შერჩეული იქნა 23 დამწყები და ორი არსებული ბიზნესი. აღსანიშნავია, რომ კონკურსის გამარჯვებულთა შორის მნიშვნელოვნად გაიზარდა არასასოფლო-სამეურნეო მიმართულებების და სერვისების წილი.

გამარჯვებულ კონკურსანტებთან გაფორმდა საგრანტო ხელშეკრულებები. დეკემბრის პირველ დეკადაში დასრულდა ყველა მათგანის დაფინანსება, ბენეფიციარებმა შეისყიდეს და ადგილზე მიიტანეს მოთხოვნილი კაპიტალური აქტივები. სავალდებულო პირობას წარმოადგენდა მათი თანადაფინანსება, რომელიც დამწყები ბიზნესებისთვის მთლიანი ბიუჯეტის მინიმუმ 30%-ს შეადგენდა, ხოლო არსებულებისთვის – 40%–ს.

„არ მეგონა, საგრანტო კონკურსში თუ გავიმარჯვებდი, დიდი კონკურენცია იყო. უღრმესი მადლობა მინდა ვუთხრა BP-ს და კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრს, რადგან თქვენი დახმარების გარეშე მე ძვირადღირებულ საკერავ მანქანებს ვერ შევიძენდი,“ – ამბობს მაია მერკვილაძე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფ. როდინაულის მკვიდრი, რომელმაც პროექტის დახმარებით სამკერვალო სალონი გახსნა. წლების განმავლობაში მაია თბილისის ატელიებში მუშაობდა, როგორც მკერავ–კონსტრუქტორი, მაგრამ გადაწყვიტა მშობლიურ სოფელში დაბრუნება და საკუთარი ბიზნესის წამოწყება. მაია თავდაპირველად გეგმავს ბავშვის ასორტიმენტის გამოშვებას და უკვე შეთანხმებული ჰყავს რამდენიმე მაღაზია როგორც ზესტაფონში, ასევე თბილისში.

ბენეფიციარების აზრით, პროექტს დიდ მნიშვნელობას აქვს სოფლის განვითარებისთვის, რადგან ის რეალურ შანსს აძლევს მოტივირებულ და უნარიან ადამიანებს წამოიწყონ და განავითარონ საკუთარი მცირე ბიზნესი და გაიუმჯობესონ ცხოვრება.

საკონტაქტო ინფორმაცია