ო. ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი

This post is also available in: Georgian

პროფესიული ტრენინგი მესათბურე ფერმერთათვის

პროექტის, “ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა“ მე-5 ფაზის ფარგლებში, რომელიც ინიცირებული და დაფინანსებულია BP-სა და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის (BTC) და სამხრეთ კავკასიის გაზსადენის(SCP) კომპანიებში, ჩატარდა პროფესიული ტრენინგი მესათბურე ფერმერთათვის. პროფესიული ტრენინგის საჭიროება გამოიკვეთა მონიტორინგის დროს, როდესაც ერთ-ერთმა ბენეფიციარმა გამოთქვა სურვილი  სასათბურე მეურნეობაში არსებული სირთულეების გადასალახად მიეღო უფრო ღრმა ცოდნა.

2016 წლის 14 ივნის გამართულ მესათბურე ფერმერთა პროფესიულ ტრენინგს უძღვებოდნენ მოწვეული ტრენერები ბ-ნი გოდერძი გოდერძიშვილი და ქ-ნი რუსუდან სხირტლაძე. ტრენინგი ჩატარდა გარდაბნის რაიონში, სოფელ კრწანისში და მას  ესწრებოდნენ პროექტის ფარგლებში დაფინანსებული დამწყები მესათბურე ფერმერები: გულო აფრასიძე სოფელ წინწყაროდან, ნაირა ჭკადუა სოფელ ხაიშიდან  და მზია აფციაური სოფელ კრწანისიდან, რომლებიც აწარმოებენ  პომიდორს, მარწყვსა და შერეულ ბოსტნეულ კულტურებს.

მზია აფციაურის ბოსტნეულის სათბური, სოფ. კრწანისი.

ბ-მა გოდერძი გოდერძიშვილმა ტრენინგის მონაწილეებს გააცნო სასათბურე ინდუსტრიის სტანდარტები. ტრენინგზე განხილული ძირითადი საკითხები მოიცავდა სათბურის შენობა-ნაგებობის მშენებლობის წესებს და სტანდარტებს, სათბურის პირობებში ბოსტნეული კულტურების მოყვანას, სათბურისთვის ნიადაგის მომზადებას ( მდელოს ყამირი ნიადაგის შერევა ტორფთან და ნეშომპალასთან). ასევე განიხილეს დრენაჟებისა და  წვეთოვანი რწყვის სისტემების მოწყობა, რომელიც იძლევა სარწყავად  გამოსაყენებელი წყლის დაახლოებით 30%- მდე ეკონომიას და მცენარეებს იცავს დაავადებებისგან. ტრენინგის მონაწილეებს ასევე განემარტათ, რომ უკეთესი მოსავლის მისაღებად წვეთოვანი რწყვისთვის გამოსაყენებელი წყალი  არ უნდა შეიცავდეს სხვა და სხვა მჟავეებს და მავნე მინარევებს, წყალი ჰაერით კარგად უნდა იყოს გაჯერებული და წყლის ტემპერატურა უნდა უტოლდებოდეს ნიადაგის ტემპერატურას.  ასევე მიიღეს რჩევა მცენარეთა თესლის შერჩევისა და ჩითილების გამოყვანის მეთოდების, თესვის ოპტიმალური პერიოდის შერჩევისა და საშუალო მოსავლიანობის მაჩვენებლების შესახებ. ნიმუშების მაგალითზე განიხილეს მცენარეთა ვიზუალური დეფექტები, რასაც სხვა და სხვა ქიმიური შენარევების, როგორიცაა აზოტი, ფოსფორი, კალიუმი, გოგირდი, თუთია და ა.შ  ნაკლებობა იწვევს.

ქ-მა რუსუდან სხირტლაძემ ისაუბრა სათბურში მობინდრე მავნე ორგანიზმების შესახებ, რომლებიც დიდ ზიანს აყენებენ ბოსტნეულ და დეკორატიულ კულტურებს.  მან დაათვალიერა მზია აფციაურის სათბური და აღმოაჩინა სათბურის ფრთათეთრა, რომელიც  სასათბურე მეურნეობაში განსაკუთრებული მავნეობით გამოირჩევა. მან ტრენინგის მონაწილეებ გააცნო სათბურის ფრთათეთრის იდენტიფიცირებისა და პრევენციი მეთოდები. მან ასევე დეტალურად განიხილა სათბურის ფრთათეთრის პრევენციის მიზნით გამოსაყენებელი სპეციალიზირებული პარაზიტოიდი  მწერი ენკარზია.

რუსუდან სხირტლაძე, გულო აფრასიძე და ნაირა ჭკადუა

პროფესიული ტრენინგის ბოლოს მოწვეულმა ტრენერებმა უპასუხეს ტრენინგის მონაწილეთა ინდივიდუალურ კითხვებს, რომელიც ეხეობოდა მათ პირად სასათბურე მეურნეობებს.

საკონტაქტო ინფორმაცია