ო. ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი

This post is also available in: Georgian

საზაფხულო ბანაკი

2016 წლის 3 აგვისტოს, პროექტის „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა“ (CDI) ფარგლებში, რომელიც ინიცირებული და დაფინანსებულია BP-სა და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის (BTC) და სამხრეთ კავკასიის გაზსადენის (SCP) კომპანიებში, მოეწყო საზაფხულო ბანაკი „ინიციატორი“, ბაკურიანში, სადაც მონაწილეობა მიიღო რუსთავის #10 და #28 საჯარო სკოლის ახალგაზრდული კლუბის 20 მოსწავლემ. საზაფხულო ბანაკი ინიცირებული იყო CDI პროექტის განმახორციელებელი პარტნიორის, “კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის” (CTC) მიერ, ახალგაზრდების უნარ-ჩვევების განვითარების კომპონენტის ფარგლებში. ბანაკის განმახორციელებელი პარტნიორი იყო “სიქა”–საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია.

მონაწილეები  რუსთავის #10 და #28 საჯარო სკოლის ახალგაზრდული კლუბებიდან შეირჩნენ. ახალგაზრდების უნარ-ჩვევების განვითარების კომპონენტის ფარგლებში მოსწავლეებს უკვე გავლილი ქონდათ შემდეგი სემინარები – ,,პროექტის მართვა’’, ,,მოხალისეობა და სამოქალაქო აქტივობა’’, ,,სამსახურის ძიება და დასაქმება’’, ,,ეფექტური პრეზენტაცია და დებატები’’ და შერჩეული იქნენ მათი ჩართულობის, განაცხადის ფორმისა და გასაუბრების საფუძველზე.

 

საზაფხულო ბანაკის მონაწილეები, ლიდერები და კოორდინატორი

საზაფხულო ბანაკის მიზანს წარმოადგენდა მონაწილეთა კომპეტენციის ამაღლება  სამეწარმეო ხედვის გაუმჯობესებასა და პროექტის წერისა და მართვის უნარის გამომუშავებაში. საგანმანათლებლო საკითხების გარდა, საზაფხულო ბანაკის პროგრამა სავსე იყო სხვადასხვა გასართობი აქტივობებითა და ასევე დიდი ყურადღება ეთმობოდა უსაფრთხოების საკითხებს.

ბანაკის დაწყებამდე მოეწყო სამუშაო შეხვედრა, სადაც განიხილული იქნა საზაფხულო ბანაკის დღის წესრიგი და განისაზღვრა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ნორმები. შესაბამისად, ბანაკის განმახორციელებელი პარტნიორი ორიენტირებული იყო BP-ის უსაფრთხოების ნორმების მოთხოვნებთან თანხვედრაზე. მონაწილეთა ცნობიერების ამაღლებისა და უსაფრთხოების სტანდარტების განხორციელების მიზნით, სიქამ შეიმუშავა სპეციალური გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა ყოველდღიურად მიმდინარე საკითხების განხილვას  და ყველაზე „უსაფრთხო“ ბავშვის დასაჩუქრებას, ორგანიზაცია “სიქა”-ს ინიციალების მქონე სუვენირით. ბანაკის მსვლელობის პერიოდში, კოორდინატორსა და ლიდერებს ევალებოდათ უსაფრთხოების მონიტორინგი მგზავრობისას, საბანაკე ჯგუფის განთავსებისას, აქტიური თამაშების მსვლელობისას. ასევე დიდი ყურადღება ეთმობოდა სურსათის უვნებლობასა და ჰიგიენას.

ბაკურიანში გამგზავრებამდე ბავშვებმა შეავსეს კითხვარი, სადაც ბავშვებმა განმარტეს თუ რა იყო მათთვის პირადი უსაფრთხოება. პასუხების მიხედვით, უმეტესობამ პირადი უსაფრთხოება გააიგივა პირად ჰიგიენასთან. ერთ-ერთმა მონაწილემ, სოფიკო ღუღუნიშვილმა მოგვიანებით განაცხადა: „თავდაპირველად ვერ ვხვდებოდი რა იყო პირადი უსაფრთხოება, მაგრამ ყოველდღიური განხილვების შემდეგ გავხდი უფრო მეტად დაკვირვებული გარემოს მიმართ და ყურადღებას ვაქცევდი ჩემს ჩაცმულობას გარემო პირობების შესაბამისად, რადგან თავიდან ამეცილებინა გაუთვალისწინებელი საფრთხე“.

ბაკურიანში ჩასვლისთანავე, სასტუმრო „თრიალეთის“ წარმომადგენელმა ბანაკის მონაწილეებს გააცნო სასტუმროს უსაფრთხოების წესები, აჩვენა საავარიო გასასვლელები, ცეცხლმაქრის ადგილმდებარეობა და გამოყენების წესი, ასევე გააცნო გადაუდებელ სიტუაციაში საკონტაქტო პირის მონაცემები.

საგანმანათლებლო ნაწილში მონაწილეები გაეცნენ ბიზნესის საფუძვლებსა და მეწარმეობას, მეწარმის და ბიზნეს ხედვას, ბაზარს და მომხმარებელს,  ფასწარმოქმნას, კონკურენციას, კომუნიკაციასა და პოზიციონირებას, რეკლამას, გაყიდვების წახალისებასა და ფინანსური დაგეგმარებას.

მონაწილეთა უნარების შეფასება მოხდა პრე და პოსტ კითხვარის საშუალებით. კითხვარი შედგენილი იქნა ბანაკის კომიტეტისა და ტრენერების მიერ და მოიცავდა ბანაკის მსვლელობისას დაგეგმილ  საგანმანათლებლო საკითხებს. მოდულების ბოლოს, ჯგუფის ლიდერებთან ერთად, განიხილული იქნა საბოლოო შეფასება, რომელიც მოიცავდა  ყველა ასპექტს, საგანმანათლებლოს პროგრამის ჩათვლით.

საგანმანათლებლო ღონისძიებები ძირითადად იმართებოდა დღის პირველ ნახევარში, ხოლო მეორე ნახევარი მთლიანად ეთმობოდა გასართობ აქტივობებს. დღის მეორე ნახევრის თამაშები ხელს უწყობდა მონაწილეთა ლიდერობის, გუნდური მუშაობისა და ჩარჩოებს მიღმა კრიტიკულ აზროვნების განვითარებას. ბანაკის მონაწილეებმა შექმნეს ბანაკის ლოგო და ჰიმნი. ისინი აწყობდნენ სპორტულ შეჯიბრებებს, მოაწყვეს ლაშქრობა და ისწავლეს კარვის გაშლა. ბავშვებმა დადგეს მინი სპეკტაკლი ცნობილი ზღაპრების მოტივებზე, ხოლო ბანაკის დახურვის წინა საღამოს გაიმართა კოსტუმირებული კარნავალი.

2016 წლის 9 აგვისტოს, საზაფხულო ბანაკის  ბოლო დღეს, ჩატარდა შემეჯამებელი პრეზენტაცია. მონაწილეებმა კიდევ ერთხელ შეაფასეს ბანაკში თითოეული დღის მიმდინარე მოვლენები, ისაუბრეს შთაბეჭდილებებსა და შეძენილ ცოდნაზე. თითოეულ მონაწილეს გადაეცა სერთიფიკატი. კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის წარმომადგენელმა დააჯილდოვა სამი, ბანაკის აქტივობებში ყველაზე ჩართული და გამორჩეული მონაწილე და გადასცა წიგნები, რომლებიც თემატურად შეესაბამებოდა საზაფხულო ბანაკის  მიზანს. მონაწილეებმა მადლიერება გამოხატეს საზაფხულო ბანაკის ორგანიზებისთვის და სურვილი გამოთქვეს მომავალში, მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად.

საკონტაქტო ინფორმაცია