CTC

კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი

ოთარ ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი | ტელეფონი: +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

ენები

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის თბილისის რეგიონალური კონფერენცია -გამოფენა

19 მაისს კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის ოფისში გაიმართა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის თბილისის რეგიონალური კონფერენცია -გამოფენა, რომელსაც დედაქალაქის საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების 40-მდე პედაგოგი დაესწრო.

კონფერენცია ფორუმის თბილისის რეგიონალურმა კოორდინატორმა მადლენა შველიძემ გახსნა. მონაწილეებს მიესალმა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა გადამზადების პროექტის კოორდინატორი თეა ლობჟანიძე, რომელმაც ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა. ღია გაკვეთილების ჩატარებისა და მრგვალი მაგიდა/დისკუსიის თემატიკის შერჩევის საკითხში  მან პედაგოგების აქტიურობის როლი და მნიშვნელობა გამოკვეთა. პროგრამის  პარტნიორი ორგანიზაციის – თბილისის მოზარდთა სახლის წარმომადგენელმა, პროგრამის კოორდინატორმა ბელა კოპალიანმა კი თავის გამოსვლაში თბილისის სასკოლო სამოქალაქო კლუბების მუშაობა შეაჯამა.

კონფერენციის მონაწილეებს სამოქალაქო განათლების სწავლების საკუთარი პრაქტიკა და გამოცდილება გაუზიარეს თბილისის სკოლების სამოქალაქო კლუბების აქტიურმა პედაგოგებმა: ი. ვეკუას სახელობის № 42-ე საჯარო სკოლის პედაგოგმა მაკა ბიბილეიშვილმა;  № 181-ე საჯარო სკოლის პედაგოგმა ნონა ფიფიამ; № 10-ე საჯარო სკოლის პედაგოგმა მარინე დემეტრაშვილმა;  № 173-ე საჯარო სკოლის პედაგოგმა მაია გოგუაძემ; სკოლა „მწვანე თბილისის“ პედაგოგმა სოფო ვეფხვაძემ, პირველი ექსპერიმენტული სკოლის პედაგოგმა ხათუნა თოთლაძემ, მათ სასკოლო სამოქალაქო კლუბების მიერ განხორციელებულ წარმატებულ პროექტებზე და მათში  მოსწავლეთა ჩართულობასა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრეს, შეეხნენ  პროექტის ფარგლებში შექმნილი სახელმძღვანელოების მნიშვნელობასა და სასერტიფიკაციო გამოცდების საკითხებსაც.

თბილისის რეგიონალურ კონფერენციაზე პედაგოგებმა  მრგვალ მაგიდასთან განსახილველი სადისკუსიო თემებიც შეათანხმეს, მათ შორის: მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებები, ბავშვთა და პედაგოგთა უფლებები. ჩამოყალიბდნენ აგრეთვე მომავალში ჩასატარებელი ტრენინგების თემატიკაზეც, რაც სამოქალაქო განათლების პედაგოგების პროფესიულ ზრდას შეუწყობს ხელს.

კონფერენციის დასასრულს სამოქალაქო განათლების ღია გაკვეთილის ჩატარების მსურველი პედაგოგი გამოვლინდა. იგი გახლავთ № 10-ე საჯარო სკოლის სერტიფიცირებული პედაგოგი მარინე დემეტრაშვილი.

ამ კონფერენციით დასრულდა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის რეგიონალურ კონფერენციათა ციკლი, რომელიც საქართველოს 11 რეგიონში განხორციელდა.

ფორუმის აქტივობები ხორციელდება სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების  პროგრამის ფარგლებში. პროგრამას ახორციელებს ორგანიზაცია PH International კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან პარტნიორობით. პროგრამის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).