CTC

კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი

ოთარ ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი | ტელეფონი: +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

ენები

განცხადება საზოგადოებრივი ორგანიზაციების კოალიცია ”ძლიერი თვითმმართველობისათვის” შექმნის შესახებ

თარიღი: 3 აპრილი, 2013

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო მმართველობის სისტემის დეცენტრალიზაციის ფართომასშტაბიანი რეფორმა, რომელიც ითვალისწინებს თვითმმართველი ერთეულების რეალურ პოლიტიკურ, ადმინისტრაციულ და ფინანსურ დამოუკიდებლობას, ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების და აღსრულების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისათვის მაქსიმალური სამართლებრივი გარანტიების შექმნას, რეგიონულ დონეზე მმართველობის დემოკრატიული ინსტიტუტების დამკვიდრებას.

რეფორმის ეფექტური განხორციელებისა და მისი შედეგების მდგრადობისთვის მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ორგანიზაციების აქტიური მონაწილეობა. ამ მიზნით საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მომუშავე ცხრა ორგანიზაცია გაერთიანდა კოალიციაში ”ძლიერი თვითმმართველობისათვის”.

კოალიცია მიესალმება მიმდინარე რეფორმას, უცხადებს მას მხარდაჭერას და მზად არის  ორგანიზებული ძალისხმევით წვლილი შეიტანოს მის წარმატებულ განხორციელებაში.

კოალიციაში შემავალ ორგანიზაციებს ღრმად სწამთ, რომ ცვლილებების გატარებისათვის პოლიტიკური და სამართლებრივ გადაწყვეტილებების მიღმა აუცილებელია ადგილებზე ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება. შესაბამისად, კოალიცია მიზნად ისახავს სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კოორდინაციით და შეთანხმებით შეიმუშავოს და განახორციელოს ადგილობრივი შესაძლებლობების განვითარებისთვის მიმართული  ღონისძიებები, რაც ასევე მოგვცემს შესაძლებლობას მივიღოთ უკუკავშირი ადგილებზე რეფორმის მიმდინარეობის შესახებ.

კოალიციაში გაერთიანებული არიან შემდეგ ორგანიზაციები:

  1. სათემო განვითარების ცენტრი (თბილისი);
  2. კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC) (თბილისი);
  3. სამოქალაქო საზოგადოების კვლევისა და განვითარების ასოციაცია (თელავი);
  4. ბიო-მეურნეობათა ასოციაცია ”ელკანა” (თბილისი);
  5. დემოკრატიის ინსტიტუტი (ბათუმი);
  6. ასოციაცია ”ათინათი” (ზუგდიდი);
  7. ფონდი ”აფხაზინტერკონტი” (ქუთაისი);
  8. სათემო კავშირი ”ნუკრიანი” (სიღნაღი)
  9. საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია (ლაგოდეხი);

კოალიციასთან დაკავშირება შესაძლებელია ელ-ფოსტაზე: csocoalition@gmail.com