პროექტის შესახებ
სამოქალაქო საზოგადოება მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. აქედან გამომდინარე, სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
“სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა” მასშტაბური პროექტია, რომელიც ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის მიზანია, გაძლიერდეს სამოქალაქო საზოგადოება, როგორც დამოუკიდებელი, მდგრადი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული აქტორი საქართველოში. ამ მიზნის მისაღწევად, პროექტი ესწრაფვის სამოქალაქო საზოგადოების სამოქმედო გარემოს გაუმჯობესებას, ორგანიზაციული და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაზრდას, ფართო საზოგადოებასთან და დაინტერესებულ ჯგუფებთან კავშირების გამყარებას, საზოგადოებრივი აქტივიზმისა და სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობას.
პროექტის აქტივობებში იგეგმება საქართველოში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების 80%-ის (800-მდე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია, მათ შორის, დაახლოებით 150 სათემო ორგანიზაცია და საინიციატივო ჯგუფი) ჩართვა. ასევე, პროექტის სამიზნე ჯგუფებია: ახალგაზრდები და სკოლის მასწავლებლები (შესაბამისად, 3000 და 600-მდე ინდივიდი), 5000-მდე სოციალური აქტივისტი და მოქალაქე. პროექტი ითვალისწინებს საჯარო უწყებების (ადგილობრივი ხელისუფლების ჩათვლით) 200-მდე წარმომადგენლის, 100 ბიზნესსუბიექტისა და მედიის 250 წარმომადგენელის ჩართულობას. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულ ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებს რვა უნივერსიტეტი, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო.
პროექტის მიზნები
სამოქალაქო საზოგადოების, როგორც პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების წამყვანი აქტორის მხარდასაჭერად, ვიყენებთ ჰოლისტურ მიდგომას, რომელიც სამი ურთიერთდაკავშირებული განზომილებისა და მიზნისაგან შედგება:
პირველი, გარე განზომილება, გულისხმობს სამოქალაქო საზოგადოების სამართლებრივი და ფინანსური გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობას, კერძოდ, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის გამჭვირვალე და სანდო სახელმწიფო დაფინანსების ადვოკატირებას, დაფინანსების ისეთი ინოვაციური მექანიზმების წარმოჩენას, როგორიცაა საზოგადოებრივი ფონდები და სახალხო დაფინანსება, და ასევე, კორპორაციული პასუხისმგებლობის კულტურის განვითარებას.
მეორე, შუალედური განზომილება, მოიცავს სამიზნე აუდიტორიასა და ორგანიზაციებს შორის კავშირების გაუმჯობესებას, უფრო ზუსტად კი სამოქალაქო ღირებულებების პოპულარიზაციას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფუნქციების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებასა და საზოგადოების რეალურ საჭიროებებზე მორგებული საქმიანობების ხელშეწყობას.
მესამე, შიდა განზომილება, მიმართულია სამოქალაქო საზოგადოების ცალკეული ორგანიზაციებისა და მათი ქსელების გაძლიერებაზე, რათა ისინი ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის თვალსაზრისით მისაბაძ მაგალითებად იქცნენ.
მოსალოდნელი შედეგები
ინიციატივა მიზნად ისახავს ხუთი ძირითადი შედეგის მიღწევას, რომლებიც დაკავშირებულია ზემოთ ნახსენებ სამ სპეციფიკურ მიზანთან.
პირველი, მხარს ვუჭერთ ხელისუფლებას, შეასრულოს ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებები და გააუმჯობესოს სამართლებრივი ბაზა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მდგრადი განვითარებისათვის, კერძოდ, გამჭვირვალე და სანდო საზოგადოებრივი დაფინანსების მიმართულებით.
მეორე, სამოქალაქო საზოგადოებას შევთავაზებთ დაფინანსების ახალ მექანიზმებს, როგორიცაა საზოგადოებრივი ფონდები და სახალხო დაფინანსება, გავაძლიერებთ სექტორთაშორის პარტნიორობას, განსაკუთრებით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და ბიზნესებს შორის, და გავაუმჯობესებთ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კულტურას ქვეყანაში.
მესამე, პროექტი გაზრდის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისადმი ნდობას და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს მოუპოვებს აღიარებას სხვა დაინტერესებული მხარეებისა და ფართო საზოგადოების მხრიდან.
მეოთხე, გაიზრდება სამოქალაქო საზოგადოების ცალკეული აქტორების შესაძლებლობები ორგანიზაციული განვითარებისა და საქმიანობის თვალსაზრისით.
მეხუთე, საქართველოს ყველა რეგიონში სამოქალაქო საზოგადოების ქსელები გახდება ძლიერი და შესაბამისად, უფრო მდგრადი.