მცირე ბიზნესი როგორც სოფლიდან ახალგაზრდების მიგრაციის შემცირების საშუალება

მცირე ბიზნესი როგორც სოფლიდან ახალგაზრდების მიგრაციის შემცირების საშუალება

მცირე ბიზნესის განვითარების პროექტი 3 ინიცირებული და დაფინანსებულია bp-ისა და მისი პარტნიორების მიერ საქართველოს მილსადენის კომპანიაში. პროექტის მიზანია პოზიტიური ურთიერთობების გაღრმავება bp-სა და ბაქო-სუფსის მილსადენის გასწვრივ მდებარე სოფლების მოსახლეობას შორის მცირე ბიზნესის წამოწყებისა და განვითარების ხელშეწყობის საშუალებათა შექმნით.

ცნობილია, რომ საქართველოში ურბანიზაციის ტემპი საკმაოდ მაღალია, განსაკუთრებით, შედარებით ახალგაზრდა ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლებში. სტატისტიკის მიხედვით, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში სოფლის ტიპის დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობა 2,8%-ით შემცირდა, ხოლო ქალაქებში – 2,6%-ით გაიზარდა. ამ მოვლენას მრავალი მიზეზი აქვს: სიღარიბე და უმუშევრობა, ინფრასტრუქტურის განუვითარებლობა, სოციალური და გასართობი ობიექტების ნაკლებობა და ა.შ. საქართველოს მთავრობა ახორციელებს რიგ პროგრამებს ხსენებული პრობლემების მოსაგვარებლად, რომლებიც წარმოდგენილია სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში, თუმცა გასაკეთებელი კიდევ ბევრია. ამ ფონზე განსაკუთრებით აღსანიშნავია მცირე ბიზნესის განვითარების პროექტის წვლილი სოფლად ახალგაზრდა მეწარმეების გაძლიერებასა და მიგრაციის შემცირებაში. პროექტის ფარგლებში თვრამეტი ახალგაზრდა მეწარმე დაფინანსდა, ვისაც საგრანტო კონკურსში გამარჯვების შედეგად საშუალება მიეცა დაეწყოთ საკუთარი ბიზნესი.

ერთ-ერთი მათგანია გოდერძი ხოჯანაშვილი, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფ. შუა გეზრულიდან, რომელმაც 2020 წლის ივნისში მიიღო დაფინანსება. მან შეიძინა კულტივატორი, სათიბელა და მისაბმელი და დაიწყო მიწის ხვნისა და გაფხვიერების სერვისის შეთავაზება. კლიენტებიც საკმაოდ მრავლად გამოუჩნდა, რადგან რთული რელიეფის გამო სოფელში მაღალია მოთხოვნა მსგავს მომსახურებაზე. დღეისათვის გოდერძიმ 4000 ლარზე მეტი მოგება გამოიმუშავა, რაც თვეში საშუალოდ 380 ლარს შეადგენს. მას ახალგაზრდა ძმაც ეხმარება. ისინი თვლიან, რომ მათი ბიზნესი ძალიან პერსპექტიულია, რადგან კორონავირუსის პანდემიის და გაუარესებული ეკონომიკური სიტუაციის ფონზე სულ უფრო მეტი ადამიანი იწყებს ფიქრს სოფელში დაბრუნებაზე.

მეფუტკრეობა, როგორც ბიზნესის მიმართულება, საკმაოდ პოპულარულია პროექტის ახალგაზრდა ბენეფიციარებს შორის. ერთი მათგანია ლუკა გაფრინდაშვილი ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფ. ზედა ბერეთისადან. მას ჯერ კიდევ 2017 წელს უნდოდა მონაწილეობის მიღება მცირე ბიზნესის განვითარების პროექტში, მაგრამ არასრულწლოვანების გამო კონკურსში ვერ ჩაერთო. ორი წლის შემდეგ, საგრანტო კონკურსში გამარჯვების შედეგად ლუკამ აისრულა თავისი ოცნება, შეისყიდა რამდენიმე ფუტკრის ოჯახი შესაბამისი ინვენტარით და დაიწყო თაფლის წარმოება. დღეის მდგომარეობით, მან 8400 ლარზე მეტი მოგება გამოიმუშავა. მისი თქმით, ფუტკარზე დაკვირვების შედეგად კიდევ უფრო შეუყვარდა ეს უნიკალური შრომისმოყვარე არსებები, რომელთაც უამრავი სარგებელი მოაქვთ არა მარტო თაფლოვანი  პროდუქტების სახით, არამედ მცენარეთა ჯვარედინული დამტვერიანებითაც. პროექტთან ურთიერთობის შედეგად ლუკას საინტერესო იდეები გაუჩნდა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოიზიდოს საფუტკრეში მნახველები და მოაწყოს მათთვის სასწავლო–სადემონსტრაციო ტურები  და სხვ. ლუკა განათლებით სამართალმცოდნეა, მაგრამ არ აპირებს სპეციალობით მუშაობას, ის ამბობს: „დღეს საქარველოში უამრავი იურისტია, სამსახურის უშედეგო ძებნას და დროის დაკარგვას მირჩევნია ჩემს საფუტკრეს მივხედო და ბიზნესი განვავითარო, რომელსაც არაჩვეულებრივი პერსპექტივა აქვს, რაშიც ბუნებრივი პირობებიც ხელს მიწყობს“.

მეორე წარმატებული ახალგაზრდა მეფუტკრეა შოთა ქორიძე, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფ. ჭოგნარიდან, რომელმაც დაფინანსება 2020 წლის ზაფხულში მოიპოვა. მან ასევე შეიძინა რამდენიმე ფუტკრის ოჯახი, შესაბამისი აღჭურვილობა და ინვენტარი და დაიწყო თაფლის წარმოება. შოთა ძალიან აქტიურია და ცდილობს არ შემოიფარგლოს შემოსავლის ერთი წყაროთი. ის ამბობს: „თაფლის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი ჩემთვის ძირითადი არ არის, მაგრამ ოჯახის საერთო ბიუჯეტზე მნიშვნელოვანი დანამატია. გარდა ამისა, მთელი წლის განმავლობაში გვაქვს საკუთარი ნატურალური თაფლი“. დღეის მდგომარეობით, შოთამ თითქმის 4000 ლარის მოგება გამოიმუშავა. გაყიდვებში მას ეხმარებიან ნათესავები თბილისიდან, სადაც მისი თაფლი საკმაოდ პოპულარულია მაღალი გემობრივი თვისებების გამო.

ნინო თავდგირიძე 2020 წლის ივლისში დაფინანსდა და გახსნა სილამაზის სალონი ვანის მუნიციპალიტეტის სოფ. ამაღლებაში. გამორჩეულად თბილი, ყურადღებიანი და კომუნიკაბელური ახალგაზრდა ქალბატონი ძალიან მალე გახდა პოპულარული არამარტო თავის, არამედ მიმდებარე სოფლებში. კლიენტები მასთან წინასწარ ეწერებიან. ნინო ცდილობს, რომ ყველა კლიენტი კმაყოფილი დარჩეს, რისთვისაც მუდმივად იღრმავებს პროფესიულ ცოდნას და თანდათანობით აფართოვებს  მომსახურების სპექტრს, სთავაზობს რა მომხმარებლებს ახალ ვარცხნილობებს, კერატინის პროცედურებს, მანიკურს. სალონის ცნობადობის ასამაღლებლად ნინო აქტიურად იყენებს სოციალურ ქსელებს. მან უკვე 7000 ლარზე მეტი მოგება გამოიმუშავა და დარწმუნებულია, რომ კიდევ ბევრი საინტერესო შესაძლებლობის რეალიზება შეუძლია.

გიორგი ქორიძე სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფ. დაფნარიდან 2019 წლის ივნისში დაფინანსდა და  უეკლო მაყვლის ბაღი გააშენა. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი სამხედრო მოსამსახურეა და თავისუფალი დრო ნაკლებად აქვს, ის რუდუნებით უვლის მაყვალს, რაშიც მთელი ოჯახი ეხმარება. გიორგიმ 5000 ლარზე მეტი მოგება გამოიმუშავა. მისი თქმით, უეკლო მაყვლის გაშენება მისთვის თავიდან ერთგვარი გამოწვევა იყო, რადგან პრაქტიკული ცოდნა აკლდა. მაგრამ პროექტის მენტორის, დავით კუნჭულიას დახმარებით, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვს მაყვლის მოყვანაში, სირთულეებს წარმატებით გაართვა თავი. გიორგი აპირებს ბაღის გაფართოვებას და მაყვალთან ერთად მოცხარის, ჟოლოს და ბოსტნეული კულტურების წარმოებას.

ყველა ახალგაზრდა მეწარმის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, მაგრამ წარმატებულთა შორის არ შეიძლება არ აღვნიშნოთ  ნათია ვაშალომიძე სოფ. გრიგოლეთიდან, რომელმაც ველოსიპედების გაქირავების ბიზნესი წამოიწყო, ლევანი ხელაძე სოფ. ზეინდრიდან, რომელმაც თვითმომსახურების ავტოსამრეცხაო გახსნა, ელზა სუთიძე, რომელიც წისქვილს ამუშავებს სოფ. სვერში და სხვ.

ყველა ახალგაზრდა ბენეფიციარი აღნიშნავს, რომ მცირე ბიზნესის განვითარების პროექტში მონაწილეობა მათთვის სასარგებლო იყო არამარტო იმიტომ, რომ საკუთარი ბიზნესი წამოიწყეს და უამრავი პრაქტიკული ცოდნა და უნარ–ჩვევა შეიძინეს, არამედ იმიტომაც, რომ მიეცათ სტიმული დარჩნენ მშობლიურ მხარეში, თავის ოჯახებთან ერთად.

ვუსურვებთ ახალგაზრდა მეწარმეებს წარმატებებს და დასახული მიზნების მიღწევას.

წინამდებარე დოკუმენტი მომზადებულია მცირე ბიზნესის განვითარების პროექტი 3-ის ფარგლებში, რომელიც ინიცირებული და დაფინანსებულია bp-ისა და მისი პარტნიორების მიერ საქართველოს მილსადენის კომპანიაში. მასში გამოთქმული შეხედულებები ეკუთვნის კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრს და, შესაბამისად, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჩაითვალოს bp-ისა და მისი პარტნიორების ოფიციალური აზრის გამოხატულებად.