ო. ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი

მეორე საგრანტო კონკურსი გრძელდება – შემდგომი ეტაპი

„ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა – მცირე ბიზნესის განვითარების პროექტი 4” ინიცირებული და დაფინანსებულია bp-ისა და მისი პარტნიორების მიერ საქართველოს მილსადენის კომპანიაში.

მიმდინარე წლის 3 თებერვალს დასრულდა ბიზნეს-იდეის განაცხადების მიღება პროექტის სამიზნე სოფლებიდან მეორე საგრანტო კონკურსის ფარგლებში. სულ შემოვიდა 400 -ზე  მეტი განაცხადი ახალი ბიზნესის დაწყებისა და არსებული ბიზნესის გაფართოვების მიზნით. აღსანიშნავია ქალებისა და 35 წლამდე ახალგაზრდების საკმაოდ მაღალი აქტიურობა, კერძოდ, განმცხადებელთა მესამედს შეადგენდნენ  ქალბატონები, ხოლო მეოთხედს – 35 წლამდე ახალგაზრდები. სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების  მიმართულებით, განაცხადების ყველაზე დიდი რაოდენობა დაკავშირებული იყო სასათბურე მეურნეობის მოწყობასთან, მეფუტკრეობასთან, რძის პროდუქტებისა და კენკრის წარმოებასთან. არასასოფლო-სამეურნეო  საქმიანობასა  და მომსახურების დარგში განაცხადების ყველაზე დიდი რაოდენობა დაკავშირებული იყო მიწის დამუშავების მომსახურებასთან (ე.წ. აგროსერვისი), წისქვილების, ავტოშეკეთების სახელოსნოების, საცხობების  და სხვა ბიზნესების დაფუძნებასთან.

ყველა განაცხადი განიხილა და შეაფასა შესარჩევმა კომისიამ პროექტის გუნდისა და მოწვეული ბიზნესის განვითარების ექსპერტის შემადგენლობით. განხილვა მიმდინარეობდა ისეთი კრიტერიუმების მიხედვით, როგორიცაა პროდუქტის მოსალოდნელი გაყიდვები, შემოსავალი და ხარჯები, მდგრადობა და ზრდის პოტენციალი, ინოვაციურობა, სავარაუდო რისკები და ა.შ. შედეგად 223 კონკურსანტი გადავიდა შერჩევის შემდეგ – ბიზნეს-გეგმის დაწერის ტრენინგის ეტაპზე. აღსანიშნავია, რომ მათ შორის არის 20 არსებული მეწარმე, ვისაც სურს თავისი ბიზნესის გაფართოვება და საკმაოდ საინტერესო ბიზნეს-იდეები გააჩნიათ, კერძოდ, დაფნის მიმღები პუნქტის შექმნა, მაკარონის (პასტის) და ხორბლის ჩანასახის ზეთის წარმოება, მინიტრაქტორების წარმოება, ხის კონტეინერების წარმოება სამაცივრე მეურნეობებისთვის და ა.შ.

ამჟამად კონკურსის შემდეგ ეტაპზე გადასული ბენეფიციარებისთვის ტარდება ტრენინგები ბიზნეს-გეგმის წერის უნარების გაუმჯობესებაში.  ტრენინგების მიზანია ხელი შეუწყოს მონაწილეებს სამიზნე ბაზრისა და მარკეტინგული სტრატეგიის განსაზღვრაში, საწარმოო და ფინანსური გეგმებისა და საინვესტიციო ბიუჯეტის შედგენაში და ა.შ. წარმატებებს ვუსურვებთ ტრენინგის მონაწილეებს და ვიმედოვნებთ, რომ ის დაეხმარება მათ მკაფიო და რეალისტური ბიზნეს-გეგმების შემუშავებაში.

საკონტაქტო ინფორმაცია